ენრიკე: “ვიდალმა დაამტკიცა, რომ ვცდებოდი”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, “ლას პალმასთან” მოგებული თამაშის (5:0) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ასტურიელმა სპეციალისტმა ალეიშ ვიდალი შეაქო, რომელსაც ის, მიმდინარე სეზონში, აშკარად არ წყალობს. კატალონიელმა მარჯვენა მცველმა მისთვის მიცემული იშვიათი შანსი გამოიყენა და კარგი თამაშის გარდა, თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

“დღეს, ალეიშ ვიდალმა შესანიშნავად ითამაშა და დაამტკიცა, რომ ვცდებოდი.

ეს ფეხბურთია და როტაციის საშუალება ყოველთვის არ მეძლევა. თუმცა, ვცდილობ, ფეხბურთელები მივახვედრო, რომ ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. არ მყავს ფეხბურთელი, რომელიც მისთვის მიცემული სათამაშო დროით ბოლომდე კმაყოფილი იქნება და ეს ნორმალურია. ეს მესმის, რადგან თავად ვიყავი ფეხბურთელი.

ანდრე გომეში გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან ძალიან კარგად ირჯება.

ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. ეს სეზონის საუკეთესო თამაში იყო და ერთ-ერთი საუკეთესო მას შემდეგ, რაც გუნდი ჩავიბარე. ვიცოდით, რომ “ლას პალმასს” პრობლემების შექმნა შეეძლო, მაგრამ დაცვამ შესანიშნავად ითამაშა.” – განაცხადა ლუის ენრიკემ თამაშის შემდეგ.